იულიუსის კალენდრით:
15 მარ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
28 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია


ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი (1995 წ.)
20 ოქტომბერი (2 ნოემბერი)
13 (26) აგვისტო დაბადების დღე (1929)
9 (22) თებერვალი ნაწილთა აღმოყვანება (2014)
გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი

ღირსი გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი (ერისკაცობაში გოდერძი ურგებაძე) დაიბადა თბილისში, 1929 წლის 26 აგვისტოს. მშობლებმა გაბრიელი ჩვილობისას მონათლეს წმინდა ბარბარე ქალწულმოწამის სახელობის ტაძარში, ნავთლუღის უბანში. იმ ხანად, საქართველოში უკვე კარგად ფეხმოკიდებული იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური რეჟიმი, რომელიც კრძალავდა და დევნიდა სარწმუნოებას, ანგრევდა და ხურავდა ეკლესიებს, მრავალი საერო და სასულიერო პირი აღესრულა ქრისტეს სახელის გამო იმ პერიოდში.

წმინდა გაბრიელი 2 წლის იყო, როდესაც მამა - ვასილ ურგებაძე - გარდაეცვალა და მისი აღზრდა მთლიანად დედას დააწვა მხრებზე. თანატოლებისგან გამორჩეული გოდერძი, რომელსაც მოფერებით ვასიკოს ეძახდნენ (გარდაცვლილი მამის საპატივცემულოდ), ხშირად განმარტოებას არჩევდა, თავის თავშე ჩაკეტილი, მდუმარებაში ატარებდა საათებს. ზოგჯერ ქვებით პატარა სამლოცველოებს აგებდა და შიგნით ასანთის ღერებს სანთლებად ანთებდა. დედას მისი ამგვარი გატაცებდა აშინებდა, ვაითუ ხელისუფლებას მისი ოჯახი ქრისტიანული სწავლებით შვილის აღზრდაში დაედანაშაულებინა და რაიმე ხიფათი შეხვედროდათ.

საბჭოთა წყობილების მიუხედავად, გაბრიელმა სულ მცირე ასაკში გაიგო ქრისტეს სახელი. შემდეგ შეიძინა სახარება და ცხოვრების ბოლომე წმინდა წერილის კითხვას არ განშორებია. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც ყოველ ღამით, საკუთარ ოთახში ჩაკეტილი, ხანგრძილავ და გუმხურვალედ ლოცულობდა. დედას, ბარბარეს, რომელსაც ობლად დარჩენილი 3 შვილი ჰყავდა სარჩენი, მძიმე შრომის ფასად უწევდა ოჯახის გამოკვება. ურწმუნო ადამიანი არ იყო, თუმცა მისი შვილის ასეთი გატაცებაც არ ესმოდა და ხშირად უკრძალავდა კიდეც - "თავს რატომ უტანჯავ, შენც სხვებივით იცხოვრე, ოღონდ იყავი მორწმუნე ვინ გიშლისო".

ჯერ კიდევ 12 წლის იყო, როდესაც უფლისაგან წინასწარცნობის და საღმრთო განმსჭვალულობის ნიჭი მიეცა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ხშირად სწორედ მასთან მოდიოდნენ მეომართა ახლობლები და მამა გაბრიელს სთხოვდნენ ეცნობებინა მათთვის საყვარელი ადამიანის მდგომარეობის შესახებ. მამა გაბრიელიც მათ თხოვნას ასრულებდა და პარალელურად, ქრისტეზე ესაუბრებოდა, ეკლესიაში სიარულისკენ მოუწოდებდა და სულის ცხონებას უქადაგებდა.

მალე წმინდა გაბრიელის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა - დედას უკვე აღარ შეეძლო მისი შვილის სახარებისეული ცხოვრება და გატაცება დაემალა, ხშირად საყვედურობდა ამის გამო და ერთხელ სახარებაც კი გადაუგდო. მაშინ მიხვდა წმინდა სალოსი, რომ დრო იყო ოჯახს განშორებოდა. წამოვიდა ფეხით და პირველად სამთავროს დედათა მონასტერში მივიდა, იმ ღამეს იქ ვერ დაიტოვებდნენ - ამიტომ სვეტიცხოველში გაგზავნეს. სვეტიცხოველში სამი დღე დარჩა, შემდეგ მომდევნო სამი დღე გაატარა შიომღვიმეში, შემდეგ ზედაზენზე დაჰყო რამდენიმე კვირა. ზედაზნიდან ბეთანიას გაეშურა, სადაც თავისი უსაყვარლესი მოძღვრები - მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე) მფარველობდნენ. ბეთანიის შემდეგ გოდერძი-ვასიკო კვლავ თბილისში ბრუნდება, სადაც დედამისი, ბარბარე შვილს პოულობს და სთხოვს სახლში დაბრუნებას. წმინდა გაბრიელი თანხმდება.

1949 წელს ჯარში გაიწვიეს ბათუმში. სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ, სახლში დაბრუნებული ვასიკო, სამედიცინო შემოწმებაზე დაიბარეს და მას ფსიქიკურად ავადმყოფის სტატუსი მიანიჭეს და აუკრძალეს თანამდებობრივი საქმიანობა. ამ წუთიდან მამა გაბრიელმა უფრო მეტი დრო გამონახა სასულიერო ცხოვრებისთვის. საკუთარ ეზოში სამლოცველო ააგო. ხშირად ესწრებოდა წირვა-ლოცვას სიონის ტაძარში, სადაც მალევე შენიშნა პატრიარქმა მელქისედეკ III-მ. ჯერ დარაჯად დაიწყო მუშაობა სიონში, შემდეგ მედავითნე გახდა, შემდეგ დიაკონი. 1955 წლის 23 თებერვალს ბერად აღიკვეცა ქუთაისში, მოწამეთას მონასტერში და სურვილისამებრ სახელი - გაბრიელი ეწოდა. 3 დღის შემდეგ კი, ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) მღვდლად აკურთხა წმინდა აღმსარებელი და სალოსი.

1955-1960 წლებში უწმინდეს და უნეტარეს მელქისედეკთან მსახურებდა სიონის საკათედრო ტაძარში. 1960-62 წლებში კი თავის მოძღვართან მამა გიორგისთან და მღვდელ-მონოზონ ვასილთან - ბეთანიაში. მაგრამ 1962 წელს, მამა გიორგის, მამა იოანესა და მამა ვასილის გარდაცვალების შემდეგ, ბეთანიის მონასტერი კომუნისტებმა დახურეს და მამა გაბრიელს კვლავ თბილისში დაბრუნება მოუწია. თავის ეზოში დაწყებული ტაძრის მშენებლობაც სრულიად მარტომ დაასრულა - ეს იყო, პატარა, 7 გუმბათიანი მცირე ზომის ეკლესია.

1965 წელი მნიშვნელოვანი თარიღია მის ცხოვრებაში - 1 მაისს, მინისტრთა საბჭოს წინ გამართულ დემონსტრაციაზე, მამა გაბრიელმა დაწვა ლენინის უზარმაზარი პორტრეტი. საბჭოთა იდეოლოგიით მოწამლუმა ბრბომა წმინდა გაბრიელს იქვე ჩაქოლვა დაუპირეს, თუმცა სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ ყბა-სახის და სხეულის უამრავი მოტეხილობებით, ნაწამები გაბრიელ ბერი უშიშროების იზოლატორში მოათავსეს და დახვრეტა მიუსაჯეს. თუ აღიარებდა და იტყოდა, რომ მისი ეს საქციელი საქართველოს ეკლესიის ნაკარნახევი და ნაბრძანები იყო, სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ. უღმერთო ხელისუფლების დაშინების მიუხედავად წმინდა მამა ოდნავადაც არ შედრკა. საპირველმაისო დემონსტრაციაზე დამწვარი ლენინის პორტრეტი კი მალე გახდა ევროპული და ამერიკული ჟურნალგაზეთების მთავარი თემა, რამაც მამა გაბრიელს სიკვდილი ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში სამუდამო იზოლირებით შეუცვალა.

პატიმრობიდან 7 თვეში მამა გაბრიელი გაათავისუფლეს, თუმცა მას სამღვდლო მსახურება არ აღუდგინეს. გათავისუფლებიდან 4 წლის შემდეგ, ხელისუფლებამ მამა გაბრიელს საკუთარ ეზოში აგებული ტაძარი დაუნგრია. წმინდა ბერმა, თავიდან დაიწყო ტაძრის აგება, თუმცა ამჯერად 7 გუმბათის ნაცვლად 1 აღმართა.

1971 წელს, კათალიკოს პატრიარქის ეფრემ II-ისა და მიტროპოლიტ ილიას (შიოლაშვილ-ღუდუშაური) კურთხევით გაბრიელ ბერი სამთავროს დედათა მონასტრის და სემინარიის მოძღვრად იქნა დადგენილი და საცხოვრებლად გადაეცა სამთავროს მონასტერში მდებარე კოშკი.

1972 წლიდან სამთავროში საბოლოოდ დამკვიდრებამდე, ანუ 1990 წლამდე, მამა გაბრიელმა არაერთი ქართული ეკლესია-მონასტერი მოილოცა.

1987 წლიდან მამა გაბრიელმა სამთავროში, ე.წ. "კაკლოვანში" მცირე ზომის ფიცრულში დაიწყო ცხოვრება.

1990 წელს წმინდა ბერი შიომღვიმის მონასტერში გადავიდა, რათა იქ განმარტოებით ეცხოვრა, თუმცა უფლისგან მიიღო უწყება წასულიყო სამთავროში და ხალხისთვის ემსახურა. ამ დროიდან, ვიდრე გარდაცვალებამდე, გაბრიელ ბერი სამთავროს მონასტერში, თავის კელიაში – ძველ კოშკში დამკვიდრდა და უფლის მცნებისამებრ, ხალხის – მოყვასის მიმართ თავდაუზოგავი ღვაწლით აღასრულა ცხოვრება.

1995 წლის 2 ნოემბერს წმინდა მამა გაბრიელმა, მამა დანიელის მიერ სულის გასვლის ლოცვების წაკითხვის შემდეგ, გაიღიმა და სული განუტევა. ანდერძისამებრ ჭილოფში გახვეული დამარხეს სამთავროს მონასტრის ეზოში.

2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შეირაცხა და ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი ეწოდა. მისი ხსენების დღედ დაწესდა 2 ნოემბერი.

გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი
გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი

ტროპარი:

  ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაჲ ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაჲ მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაჲ შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი:

  მიუწვდომელ არს მოწყალებაჲ მისი, რომლისა მადლითა ქმნულებაჲ განღმრთობილ ვიხილეთ, რომელმან შემოქმედისა ხატებაჲ განიმტკიცა, აღიყვანა რა მსგავსებად ღმრთისა ბუნებაჲ თვისი, ამისთვის გადიდებთ მამაო გაბრიელ ქებისა ღირსო, რომელი ქვეყანასა იყავ საყვირად სიმართლისა, მტრედად სიწმიდისა და მცხოვრები საკვირველითა სიმდაბლითა აჟღერებდი ჩანგსა სიბრძნისასა და ორღანსა სიყვარულისასა, ხოლო აწ ცათა შინა ხარ მეოხი ჩვენისა ცხოვრებისა და შუამდგომელ მადლისა ღმრთისა.




ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო