იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (1820 წ.)
6 (19) მარტი
დოსითეოზ ქუთათელი

ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი) დაიბადა საჩხერეში 1750 წლის ახლო ხანებში. მათი საგვარეულო რეზიდენცია საჩხერეში მდებარეობდა, ხოლო სალოცავები და ძვალთშესალაგი - მღვიმებისა და ჯრუჭის მონასტრები იყო. დოსითეოსის ბაბუა პაპუნა წერეთელი 1720-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი, ხოლო მამა - ნიკოლოზ წერეთელი, მეფე სოლომონ პირველის მაბჯრეთუხუცესი და მეფის თარჯიმანიც გახლდათ. დოსითეოზს ოთხი ძმა ჰყავდა: ბეჟანი, ვახუშტი, გიორგი და ქველი. მეფის კარზე დაწინაურებული ოჯახი ისტორიულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ქვეყნის მთლიანობისა და სიმტკიცისათვის.

დავითმა მონაზვნური ცხოვრება აირჩია და მონასტერში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. დავითი მალევე აღკვეცეს და სახელად დოსითეოზი უწოდეს. სიწმიდითა და სიბრძნით გამორჩეული წმიდა დოსითეოზი 1781 წელს იქნა დადგენილი მღვდელმთავრად ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე. სამეუფო მადლმა კიდევ უფრო გააბრწყინა ეკლესიისა და ერისათვის თავდადებული მოღვაწე, იგი დაუცხრომელად ზრუნავდა სამწყსოს სულიერ განათლებაზე და ყოველნაირად ცდილობდა განემტკიცებინა ხალხში სარწმუნოებრივ-სახელმწიფოებრივი აზროვნება.

მეუფე დოსითეოზი დიდ ყურადღებას აქცევდა საკათალიკოსი და საეპარქიო მეურნეობებს. ძალიან დაახლოებული იყო იმერეთის სამეფო კართან და აქტიურად უჭერდა მხარს ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შიდა ურთიერთდაპირისპირებები აიძულებდა წმიდა დოსიეთეოზს აქტიური მონაწილეობა მიეღო საერო საკითხების გადაწყვეტაშიც.

1883 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, ქართლ-კახეთის სამეფო შევიდა რუსეთის მფარველობაში, რუსეთის მთავრობა უხეშად ცდილობდა შეეერთებინა საქართველოს დანარჩენი სამთავროები. დოსითეოზ ქუთათელისა და ეფთვიმე გაენათელის მონაწილეობით 1789 წელს იმერეთის დელეგაცია ეწვია ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს და სთხოვეს თავის ძალაუფლების ქვეშ გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, რაც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა.

1795 წლიდან დოსითეოზი დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიება, ამა წლის 26 აპრილს მეფე ერეკლეს მეუღლე დედოფალი დარეჯანი, მეუფე დოსითეოზისადმი მიწერილ წერილში მას კათოლიკოსად იხსენიებს: "დოსითეოზს, მათ უწმინდესობას, სრულიად იმერთა და ოდიშ-აფხაზთა კათოლიკოზს...", არსსებობს 1789 წელს მეფე სოლომონის დადასტურებული დოკუმენტი, სადაც უწყებულია, რომ "ქუთათელ მიტროპოლიტს დოსითეოზს კათოლიკოზობა უბოძეთ". მაგრამ დოსითეოზი კათოლიკოზად არ იყო ნაკურთხი და იგი თავის თავს მხოლოდ საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიებს.

რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკით გატანჯული ხალხი ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას, 1819 წელს იმერეთში აჯანყებამ იფეთქა, რუსეთის მთავრობა სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს. შეიპყრეს აჯანყების ყველა სავარაუდო თავკაცი და იდეოლოგი. 1820 წლის 4 მარტს რუსეთის მთავრობის საგანგებო ბრძანებით, ისე რომ ამ ამბავს კიდევ ახალი მღველვარება არ მოჰყოლოდა, შეიპყრეს დოსითეოზ ქუთათელი და ეფთვიმე გაენათელი. ორივე მღვდელმთავარს ტომრები ჩამოაცვეს თავზე, შეუკრეს ხელ-ფეხი და მათრახების ცემით წაიყვანეს, ასევე სასტიკად გაუსწორდნენ სხვა შეპყრობილ აჯანყებულებს, ზოგი მათგანი ჩამოახრჩვეს და ზოგიც რუსეთში გადაასახლეს სამუდამოდ.

ნატანჯი და ნაცემი მღვდელმთავრები დაბა სურამში შეაჩერეს, სადაც ერთ დედაკაცს მათთვის წყალი მიუწოდებია დასალევად. წმიდა ეფთვიმეს კბილები სრულიად ჩამოცვენილი ჰქონია ცემისაგან და სისხლი უღებია პირიდან. სამოცდათერთმეტი წლის სასტიკად ნაცემი წმიდა დოსითეოზი 5 მარტს გზაში გარდაიცვალა, დაკრძალულია ანანურში, ტაძრის შიგნით.

"ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.




ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო