იულიუსის კალენდრით:
13 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
26 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


წმიდა მოწამენი, საქართველოს მეფენი არჩილი (744 წ.) და ლუარსაბი (1622 წ.)
21 ივნისი (4 ივლისი)
წმიდა მეფენი არჩილი და ლუარსაბი

წმიდა მოწამენი, საქართველოს მეფენი არჩილი (744 წ.) და ლუარსაბი (1622 წ.)

წმიდა მოწამე არჩილ მეფე ქართლის სამეფოს ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდში განაგებდა. მისი მეფობის ჟამი იყო შეუპოვარი ბრძოლა უსჯულო დამპყრობლების წინააღმდეგ და საქართველოს გაერთიანებისათვის დაუცხრომელი ზრუნვა.

არაბთა ლაშქარმა ჭიჭუმ-ასიმის მეთაურობით ააოხრა და მიწასთან გაასწორა ქართლი, ხოლო არჩილ მეფეს სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს, რაზეც ვერ დაითანხმეს და მოწამეობრივი სიკვდილი არგუნა ბედმა. წმინდანმა ილოცა და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს. ღამით ქართველმა აზნაურებმა ფარულად წამოასვენეს წმინდა არჩილ მეფის გვამი და ნოტკორაში, მის მიერვე აგებულ ტაძარში დაკრძალეს. ეს მოხდა 744 წელს.

წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი დაიბადა დაახ. 1592 წელს, იგი ქართლის მეფე გიორგი X-ის უფროსი ვაჟიშვილი იყო. შაჰ-აბასმა საშინლად ააოხრა ქართლ-კახეთი, ლუარსაბი კი სპასეთში წაიყვანა და რადგან სჯულის შეცვლაზე ვერ დაითანხმა, წამებით სიკვდილი დაუდგინა. ლოცვის დამთავრებისთანავე ჯალათები დილეგში შევიდნენ და მშვილდის საბლით შეუბრალებლად მოაშთვეს ღმრთისმოსავი მეფე. ღამით წმინდა მოწამის დაუფვლელ გვამს საკვირველი ნათელი დაადგა. მეორე დღეს წმინდა მოწამის სხეული ციხის ეზოში დაფლეს. ეს მოხდა 1622 წელს

წმიდა არჩილსა და ლუარსაბს ათასი წელი აშორებს ერთმანეთისაგან, მაგრამ საქართველოს ეკლესიამ მათი ხსენება ერთ დღეს განაწესა ღვაწლისა და წამების მსგავსების გამო.

"ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.

ტროპარი:

  სიბრძნისა ზეცით მომღებელმან, სიბრძნე იგი ცრუ სჯულთა განაცოფე, და საქიქელ ჰყავ მათი იგი ამაო მსახურება, და დაიკალ მისთვის, რომელი ჩუენთვის დაიკლა ჯვარსა ზედა, და მეფობისა წილ საწუთოსა იშვებ საუკუნოდ განღმრთობილი. არჩილ, სამგზის სანატრელო მეფეო, მეოხ გვეყავ სულთა ჩუენთათვის.

ტროპარი:

  იშვებდ დღეს ქვეყანა ქართველთა დღესასწაულსა დიდისა ამის მეფისასა, რამეთუ ქრისტესთვის მრავალ ფერნი ტანჯვანი მოითმინა და წარმავალისა მეფობისა დამტევებელმან წარუვალი სიმდიდრე სუფევისა მოიგო. მოწამეთა შორის საჩინომან ლუარსაბ და აწ მეოხ არს ჩუენ მაქებელთა მისთათვის.

კონდაკი:

  აწ განსხრებოდე ქუეყანაო ქართველთაო, რამეთუ შენ სორის დაითხია სისხლი, მრჩობლ მეფობითა შემკულისა არჩილ ღუაწლისა მძლისა და უძლეველისა, რომელმან დასდვა სული თვისი ერისთვის, მსგავსად მხსნელისა, და აწ წინაშე წიდისა სამებისა იხარებს, და მეოხ არს დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

კონდაკი:

  ნათელცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკლესიამან, ახლად მოწამედ გამოჩინებულად, სპარსთა აღვირ აღმსხმელო და მართლუკუნ მქცეველო, ღუაწლით შემოსილო მეფეო, რომელმან უსჯულოსა მის მეფისა ქადაგებანი არად შერაცხენ და მეოხ ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.




ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო