იულიუსის კალენდრით:
7 აპრ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
20 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ღმრთისმშობლის დაუჯდომელის გალობას!


აირჩიე წმინდანთა ცხოვრება
წმიდა მოციქული იაკობი ძე ალფესი (I ს.)
ხსენების დღე: 9 (22) ოქტომბერი
მოციქული იაკობი ალფესი

წმინდა მოციქული იაკობი, ძე ალფესი, იყო მათე მახარებლის ღვიძლი ძმა.

როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი ამქვეყნიური საზოგადო მსახურების ჟამს უბრალო და კეთილმსახური ადამიანები მოციქულებად ამოარჩია, რათა მათ მთელ ქვეყნიერებაძე, ყველა ხალხისთვის ექადაგათ ღმრთის სიტყვა, მაშინ მან ეს იაკობიც (იაკობ ალფესი უნდა განვასხვავოთ იაკობ მოციქულისაგან, რომელიც იყო ძმა იოანე ღმრთისმეტყველისა, და ხორციელად უფლის ძმის იაკობისგანაც, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსისგან, საღმრთო ლიტურგიის პირველი შემდგენელისაგან, რომელიც განეკუთვნება 70 მოციქულთა რიცხვს) ღირს-ჰყო თავისი მოწაფეობისა და თორმეტ მოციქულთა შორის შერაცხა.

სხვებთან ერთად, იაკობიც უფლის უახლოეს მსახურად და მისი ყველა საკვირველი საქმის თვითმხილველი გახდა, მის საღმრთო საიდუმლოთა მქადაგებლად და ერთგულ მიმდევრად.

უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ იაკობმაც მიიღო სულიწმინდის საღმრთო მადლი, გადმოსული წმინდა მოციქულებზე ცეცხლოვანი ენების სახით, და იგიც გაემართა წარმართთა შორის ქრისტეს რწმენის დასამკვიდრებლად, რათა ხსნის გზაზე დაეყენებინა აქამდე კერპთაყვანისმცემლობის წყვდიადში მყოფი ერები.

თავიდან წმიდა მოციქული იაკობ ალფესი იუდეაში ქადაგებდა ღმრთის სიტყვას, შემდეგ კი წმიდა ანდრია პირველწოდებულს ახლდა მესოპოტამიაში, ქალაქ ედესში – ამ უძველეს სახელგანთქმულ ქალაქში მდინარე ევფრატზე; აქედან იგი კვლავ იუდეაში დაბრუნდა და ფილისტიმელთა უძველეს ქალაქ ღაზაში და სამხრეთ პალესტინის ქალაქ ელეფთეროპოლში ამკვიდრებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, აგრეთვე მიმდებარე დაბა-სოფლებში.

წმინდა იაკობ ალფესი ქრისტეს სხვა მოციქულების მსგავსად აღნთებული იყო საღმღთო მოშურნეობის ცეცხლით და მისით სწვავდა უღმერთოების ღვარძლს, მისით შემუსრავდა კერპთაყვანისმცემელთა საკერპე ბომონებს, აჩანგებდა მათ ტაძრებს, ანადგურებდა საძაგელ კერპებს. ამასთან, იგიც, საღმრთო ძალის შეწევნით, მრავალრიცხოვან ნიშებსა და სასწაულებს აღასრულებდა: კურნავდა სხვადასხვა სნეულებებს, განდევნიდა ადამიანთაგან მზაკვარ სულებს და თავისი ღმრთივსულიერი ქადაგებით მრავალთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამის გამო, რაკი წმინდა მოციქულმა იაკობმა, ალფეს ძემ, ადამიანთა დიდი სიმრავლე შესძინა ქრისტეს, მან ახალი სახელიც მიიღო და იწოდა ეკლესიისაგან ღმრთაებრივ თესლად, რამეთუ ადამიანთა გულებში კეთილი თესლი დათესა – ღმრთის სიტყვა, ბევრგან დაამკვიდრა ჭეშმარიტი სარწმუნოება, დააფუძნა ქრისტეს ეკლესია და ააღორძინა კეთილმსახურება. სწორედ ყოველივე ამისთვის ეწოდა მას ეს საკვირველი სახელიც – ღმრთაებრივი თესლი.

მრავალი ქვეყანა მოვლო მან ღმრთის სიტყვის ქადაგებით, ბევრგან დათესა ზეციური თესლი, ჯეროვანი სამკალიც შეიკრიბა კაცთა მოდგმის ხსნისა და ბოლოს, თავისი ამქვეყნიური ცხოვრება ქრისტეს კვლზე დაასრულა: ყოველივეში უფლის მიმბაძველი, ვნებაშიც მას მიემსგავსა, რამეთუ ჯვარზე მიმსჭვალულმა მიაბარა ღმერთს თავისი ნეტარი სული. ეს მოხდა ეგვიპტეში, ზღვისპირა ქალაქ ოსტრაცინში, რომელიც პალესტინას ესაზღვრებოდა.

ასე იქნა შეკრებილი ეს ღმრთაებრივი თესლი – წმინდა იაკობ მოციქული ალფესი – ზეციურ ბეღელში, გამომღები ასობით ნაყოფისა.

ტროპარი:

მოციქულო წმიდაო იაკობ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

კონდაკი:

მტკიცედ დამდებელსა სულსა შინა კეთილ მსახურთასა სიბრძნისა დოღმატსა, სიბრძნით ვნატრიდეთ ყოველნი, ვითარცა ღმრთის-მეტყველსა, იაკობს, რამეთუ საყდარსა დიდებისასა წინაშე მეუფისა მდგომარე, ყოველთა თანა ანგელოსთა იხარებს დაუცხრომელად მვედრებელი ჩუენ ყოველთათვის.




ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო