იულიუსის კალენდრით:
6 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
19 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


წმიდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებელი (ხელაია) (1927 წ.)
16 (29) მარტი
ამბროსი აღმსარებელი ხელაია

ღირსი ამბროსი აღმსარებელი ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია, დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, 1887 წელს სოხუმის ეპისკოპოსისგან მღვდლად იკურთხა. მსახურობდა სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. ებრძოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდნენ. 1896 წელს დაქვრივდა

მისი მეუღლე კესარია მერჩულე, მშობიარობას გადაყვა, მამა ამბროსის დარჩა სამი შვილი, რომლებიც გვერდიდან არ მოუშორებია; თან ჰყავდა ყაზანში სწავლისას და გადასახლების დროსაც კი. ასეთი მზრუნველი მამა იყო და შემდგომ... ასეთივე პატრიარქი.

1897 წელს, 36 წლის ასაკში, მამა ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. სწავლის დროს ბერად აღიკვეცა. დაწერა დისერტაცია თემაზე: „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში“. 1902 წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და ჭელიშის მონასტრის წინამღვრად დაინიშნა.

არქიმანდრიტმა ამბროსიმ დიდად იღვაწა ჭელიშის მონასტრის აღორძინებისთვის. აქ აღმოაჩინა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ე.წ. ჭელიშური ხელნაწერი, აგრეთვე წმიდა სახარება, შემდგომში „ჭელიშის ოთხთავის“ სახელით ცნობილი. აი, ერთი იმდროინდელი ჩანაწერი: „მამა ამბროსი - სულ წელიწადი არ არის, რაც აქ წინამძღვრად გამოამწესეს, მაგრამ ღმრთისა და კაცის მოყვარე ადამიანისთვის ეს დროც საკმაო ყოფილა, რომ წრფელი გულით შეეყვარებინა ხალხს. „ღმრთის ენა-პირი ასხიაო“, - ამბობდნენ იქაურები. „ჯერ მაგისთანა არავინ მოსულა და არც მაგ დალოცვილისთანა ქადაგება გაგვიგონიაო“.

1904 წელს არქმიანდრიტი ამბროსი თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამღვრად დაინიშნა. იგი იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ამისთვის 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს, 1908 წელს - ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მიეღოს მონაწილეობა. 1911 წელს გაამართლეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება მაინც არ მისცეს.

გადის წლები და ყოველი მისი თხოვნა დაბრუნებაზე უპასუხოდ რჩება. ამასობაში საქართველოში ვრცელდება ხმები, რომ ამბროსი ხელაია მატერიალურად კარგად არის უზრუნველყოფილი და უბრალოდ არ უნდა დაბრუნება. ამაზე გულისტკივილით წერს თავის წერილში: „ჩემი ექსორიანი“: „ზოგიერთნი მთვლიან მე ბედნიერად, რომ მოვშორდი საქართველოს და ვითომ მატერიალურად კარგად მოვეწყვე. ამ წერილის დამწერთ ალბათ ჯერ არ გამოუცდიათ მარტოობა სულისა, - არ გამოუცდიათ ის სიმწვავე, რასაც განიცდის სამშობლოდან გადახვეწილი, თუ კი გადაგვარების გზაზე არ არის დამდგარი და გული შესტკივა სამშობლოს მდგომარეობაზე“.

1917 წელს წმიდანი საქართველოში ბრუნდება. მას ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხებენ. 1921 წლის 14 ოქტომბერს მიტროპოლიტი ამბროსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს

1922 წლის 7 თებერვალს, მისმა უწმინდესობამ, ამბროსი ხელაიამ გენუის კონფერენციას მემორანდუმი გაუგზავნა, საქართველოში ბოლშევიკების მხრიდან ტაძრების დარბევისა და მართლმადიდებლობის დევნის გამო, რისთვისაც იმავე წლის 12 ივნისს დააპატიმრეს საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრთან ერთად. 1924 წლის 10 მარტს, პლეხანოვის სახელობის მუშათა კლუბში შედგა სასამართლო. ბრალდებულებს წაუყენეს 4 ბრალდება:

  1. მემორანდუმის გაგზავნა გენუის კონფერენციისადმი.
  2. საეკლესიო განძეულობის გადამალვა, რომელიც ბოლშევიკურ მთავრობას დამშეულთა დასახმარებლად უნდა გამოეყენებინა.
  3. საეკლესიო ქონების სააღრიცხვო წიგნების არასწორი წარმოება.
  4. სამხედრო ტაძრის კომკავშირისადმი გადაცემისა და სატრაპეზოს დაშლის პროცედურაში, საპატრიარქოს წარმომადგენლის გამოუცხადებლობა.

ღირს ამბროსი აღმსარებელს, წაუყენეს დამატებითი ბრალდება: "უცხო სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაჭერა, მის დასაყოლიებლად რესპუბლიკის საქმეებში შეიარაღებული ძალით ჩარევისათვის". არცერთმა ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ სცნო.

სასმართლოზე, ღირსმა ამბროსი აღმსარებელმა, საბოლოო სიტყვა დაასრულა შემდეგი სიტყვებით: სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული - სამშობლოს, გვამი კი თქვენთვის მომინდვია. ასულნო იერუსალემისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა (ლკ.23.28).

19 მარტს საღამოს 8 საათზე გამოიტანეს განაჩენი: "კათალიკოს ამბროსის, იგივე ბესარიონ ხელაიას მიასაჯა პატიმრობა: 7 წლით, 9 თვით და 23 დღით სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების ჩამორთმევით". 1924 წელს, ამნისტიის ძალით ღირსი ამბროსი აღმსარებელი გაანთავისუფლეს და ქაშუეთში წირვის ჩატარების უფლება მისცეს, თუმცაღა ღონეგამოხდილ მწყემსმთავარს, შუაწირვის დროს, როდესაც ამბიონიდან მრევლს ჯვარს სახავდა, გული წაუვიდა და დაეცა.

ღირსი ამბროსი აღმსარებელი, გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს და დაკრძალულ იქნა სიონის საკათედრო ტაძარში.

1995 წელს საქართველოს ეკლესიის გაერთიანებულ კრებაზე განიხილეს ამბროსი ხელაიას ცხოვრება და ერისა და ეკლესიის წინაშე დამსახურებისათვის წმინდანად შერაცხეს ამბროსი აღმსარებლის სახელით.

სულ რამდენიმე ნივთი გადარჩა წმიდა პატრიარქის ცხოვრებიდან. ესენია: ჭიქები, ციხეში ნაჩუქარი წიგნის საჭრელი დანა, რამდენიმე ფოტოსურათი. არის კიდევ სასამართლოზე წაკითხული საბოლოო სიტყვის ხელნაწერი, არაჩვეულებრივი ქადაგებები და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნაშრომები, რომელთა დიდი ნაწილი გამოუქვეყნებელია. მისი სოხუმის სახლი ამ რამდენიმე წლის წინ დაიბომბა და დაინგრა;

კათალიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას მიმართვა გენუის კონფერენციისადმი

მონა ღმრთისა ამბროსი, სულიერი მწყემსი და
პატრიარქი სრულიად საქართველოისა,
ქრისტეს მიერ სიყვარულით მოიკითხავს

ჯერ კიდევ წინაქრისტიანულს ხანაში, კავკასიის ძირში, შავისა და კასპის ზღვებს შორის, ქართულ მოდგმის ტომებმა შექმნეს პატარა სივრცით, მაგრამ ძლიერი ნებისყოფით და აქტუალური ნიჭით მდიდარი სახელმწიფო, რომელიც ცნობილია ისტორიაში საქართველოს სახელით და რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთადერთი მატარებელი იყო წინა აზიაში ქრისტიანული კულტურისა და ევროპული ჰუმანიზმისა.

მეთვრამეტე საუკუნის გასულს, გარეშე მტრებთან ბრძოლაში ძალამიხდილი ქართველი ერი ნებაყოფლობით მიეკედლა ერთმორწმუნე რუსეთს, იმ იმედით, რომ მისი მფარველობის ქვეშ საქართველო უზრუნველჰყოფდა თავის პოლიტიკურსა და ეროვნულ არსებობას, რაიცა აშკარად არის აღნიშნული 1783 წლის საქართველოს მეფის ერეკლე მეორისა და რუსეთის იმპერატორიცა ეკატერინე მეორის შორის დადებულს პოლიტიკურ ტრაქტატში, მაგრამ, სამწუხაროდ, გაცრუებულ იმედების ამარა დარჩენილი ჩემი სამშობლო 117 წლის განმავლობაში რუსეთის ბიუროკრატიისაგან განიცდიდა მხოლოდ მწვავე დესპოტიასა და აუტანელ შევიწროვებას. ამიტომ 1917 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულკულტურული ცხოვრების რესტავრაციას. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუშაობაში მას აფერხებდნენ შინაური და გარეშე მტრები, მან გამოიჩინა ისეთი ნიჭი და ეროვნული შემოქმედებითი ენერგია, რომ სამი წლის შემდეგ განათლებულმა ევროპამ სცნო მისი სახელმწიფოებრივი უნარი და ადგილი უბოძა საქართველოს დამოუკიდებელ, სუვერენულ-პოლიტიკურ ერთეულთა შორის. რასაკვირველია, ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი: მან დასძრა საქართველოს საზღვრებისკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილი საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაანთავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე. მისმა სულიერმა მამამ და დღეს დღეობით ერთადერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება. თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გაველურების და გახრწნის კარამდე! ერს ართმევენ მამა-პაპათა სისხლით და ძვლებით გაპოხიერებულ მიწა-ტყეს, რომელსაც უცხოეთიდან შემოხიზნულთ ურიგებენ; მათი წყალობით ისედაც გაღატაკებულ ერს პირიდან ჰგლეჯენ მისი სისხლითა და ოფლით მოწეულ სარჩოს და გაუგებარის სიჩქარით იმავ უცხოეთში მიეზიდებიან. ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, მას უბილწავენ მამაპაპურ ეროვნულ კულტურას; დასასრულ, უბღალავენ წმინდათა-წმინდას, სარწმუნოებრივ გრძნობას და სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ, ნებას არ აძლევენ თავისუფლად დაიკმაყოფილოს რელიგიური მოთხოვნილება; მისი სამღვდელოება უკიდურესად დევნილია; მისი ეკლესია, ეს ძველის ძველთავე ფაქტორი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამაღლებისა და ძლიერებისა, დღეს უფლება აყრილია, იმდენად, რომ ნებაც კი არა აქვს თავისი შრომით, გარჯილობით და უნარით მოიპოვოს მუდმივი სახსარი არსებობისა. ერთი სიტყვით, ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არა აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისთვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას. ამიტომ ვითხოვ:

1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან.

2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშაოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებას და ეროვნულ-კულტურას შეესაბამება.

სრული იმედი მაქვს, რომ მაღალ პატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულებელჰყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემის პირით წარმოთქმულს, და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან.

კურთხევა უფლისა იყოს თქვენზედა და თქვენს კეთილშობილურ მისწრაფებასა და მუშაობაზე.
მდაბალი ამბროსი, პატრიარქი სრულიად საქართველოისა,
7/II-22 წ. ტფილისი

წყარო: ეპისკოპოს ამბროსის მიმართვა გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას,
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია” – “სილუეტი” – თბილისი 1994 წ. გვ 40-43




ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო