იულიუსის კალენდრით:
7 აპრ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
20 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ღმრთისმშობლის დაუჯდომელის გალობას!


ლოცვანი ძილის შემდეგ

რაჟამს აღდგე ძილისაგან, უწინარეს ყოვლისა საქმისა, წარსდეგ კრძალვით ყოვლისმხილველი უფლის წინაშე, გადაისახე პირჯვარი და სამადლობლად ღმრთისა ბრძანე:

დასაწყისი ლოცვები

სამწმიდაობის ტროპარნი

აღდგომილი ძილისაგან, შეგივრდებით შენ, სახიერ, ანგელოსთა გალობასა გიღაღადებთ შენ, ძლიერო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება...

ცხედრისაგან და ძილისა აღმადგინე მე, უფალო, გონება და გული ჩემი განანათლენ, და ბაგენი ჩემნი აღახვენ, გალობად შენდა, წმიდაო სამებაო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
აწ და...

მეყსეულად მსაჯული იგი მოვიდეს, და თითოეულისა საქმენი განშიშვლდნენ, არამედ შიშით ღაღადვყოთ შუაღამესა: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღმრთისმშობელსა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

ლოცვა სამებისადმი

ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათჳს არა განრისჴენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა, დაარა თანა წარმწყმიდე მე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩვეულებისაებრ კაცთმოყვარე მექმენ მე, და უფსკრულსა შინა სასოწარკვეთილებისასა მდებარე აღმადგინე აღმსთობად და დიდების-მეტყველებად ძალსა შენსა, აწცა განმინათლენ თუალნი გონებისა ჩემისანი, აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყვათა შენთა, და გულისჴმის-ყოფად გზათა შენთა და ქმნად ნებისა შენისა, და გალობად სახელსა შენსა აღსარებითა გულისათა. დიდებად და გალობად ყოვლად-პატიოსანსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ... (3-გზის)

ფსალმუნი 50

3. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი.
4. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
5. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
6. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რათა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
7. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშუა მე დედამან ჩემმან.
8. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
9. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე.
10. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
11. გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ.
12. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
13. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
14. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე.
15. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
16. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა.
17. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
18. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
19. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.
20. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
21. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

მრწამსი

მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.
ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩვენთჳს, კაცთათჳს და ჩვენისა ცხოვრებისათჳს გარდამოხდა ზეცით, და ჴორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.
და ჯუარს ეცვა ჩვენთჳს პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.
და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
და კვალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკუდრეთით.
და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ!

ლოცვა დიდისა მაკარისა

ღმერთო, განმწმიდე მე ცოდვილი, რამეთუ არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენსა, არამედ მიჴსენ მე განსაცდელისაგან და იყავნ ჩვენს შორის ნება შენი, რათა დაუსჯელად აღვაღო პირი ჩემი არაღირსი და ვაქებდე სახელსა შენსა წმიდასა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმან მრავლითა სიტკბოებითა, და აურაცხელითა მოწყალებითა შენითა მომანიჭე ჩვენ, და სათნო-იყავ თანაწარსვლასა ამას სიგრძესა ღამისასა მშვიდობით თანაწარსვლად, და ყოვლისაგან განსაცდელისა და ბოროტისა დაგვიფარენ. შენ, მეუფეო და შემოქმედო ყოველთაო, მომეც ჩვენ მიწევნად ცისკრისა ლოცვათა, და გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩვენთა ჭეშმარიტი ნათელი საუნჯეთაგან მეცნიერებისა შენისათა, და ყოფად ყოვლისავე ნებისა შენისა.

ლოცვა ბასილი დიდისა

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო და ყოვლისა ჴორციელისაო, რომელი მაღალთა შინა მკვიდრ-ხარ, და ყოველსავე მდაბალთა ხედავ, რომელი დაფარულთა კაცთასა მეცნიერ-ხარ და გულთა და გონებათა მოქმედებანი უწყნი, დაუსაბამოო და უხილავო, ნათელო თვალთ-შეუდგამო, რომელი მიუაჩრდილებელი ნათელი ხარ, შენ, უკვდავო მეუფეო, მოხედენ ვედრებასა ჩვენსა ზედა ჟამსა ამას, რომელნი მრავლისა შენისა მოწყალებისა მიმართ მინდობილ ვართ, და გევედრებით, შეიწირე მწიკვლევანთა ამათ ბაგეთა ჩვენთა მიერი ვედრება, და მომიტევენ ჩვენ ყოველნი შეცოდებანი ჩვენნი, საქმითნი, სიტყჳთნი, და გონებითნი, ცნობით და უმეცრებითნი, და განმწმიდენ ჩვენ ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთასა და სულისა და მომმადლენ ჩვენ მღვიძარე გონება, გულის-სიტყვა კეთილი, და ყოვლისაგან დღისა ამისა სოფლისაგან ჩვენზედა მომავალისა საცდურისაგან მიჴსნენ, რათა ღირს ვიქმნეთ მიწევნად ბრწყინვალესა და განათლებულსა დღესა მას მეორედ მოსვლისა მხოლოდშობილისა ძისა შენისა, უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა, მოსვლასა მისსა დიდებით განსჯად ყოველთა კაცთა, და მიგებად თჳთეულსა საქმეთა მათთაებრ, რათა არა განგდებულ ვიქმნეთ უდებებითა, არამედ რათა მღვიძარედ ვიპოვნეთ აღდგომილნი საქმითა კეთილითა, მომლოდნელნი წარდგომად სიხარულისა, და შესვლად საღმრთოსა სასძლოსა დიდებისა მისისასა, რათა ჩვენცა მკვიდრთა მას შინა წმიდათა თანა ღირს-ვიქმნეთ დღესასწაულობად ჴმასა მას საღმრთოსა დიდებისა მისისასა მოუკლებელად, და განწმედილითა პირითა ხილვად პირსა მას გამოუთქმელისა ძისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი ნათელი, რომელი განანათლებ და წმიდა-ჰყოფ ყოველთა კაცთა, და შენ გაქებს ყოველი დაბადებული უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა მფარველი ანგელოსისადმი სამარადისო

წმიდაო ანგელოსო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები ჩემგან ბილწებათა ჩემთათჳს, ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა უფლებად ჩემდა, უძლურებისათჳს მოკვდავთა ამათ ჴორცთა ჩემთასა. უპყარ ჴელი დავრდომილსა და შეურაცხსა სულსა ჩემსა და მიძღოდე მე გზათა ცხოვრებისათა. ჰე, წმიდაო ანგელოსო ღმრთისაო, მცველო და მფარველო უღირსისა სულისა ჩემისა და ჴორცთაო, ყოველივე შემინდევ, რაოდენი გაჭირვე შენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და რაოდენი ვსცოდე განვლილსა ამას ღამესა, დამიფარე დღეინდელსა ამას დღესაცა და დამიცევ მე განსაცდელისაგან და მზაკვრებათა წინააღმდგომისათა, რათა არა რომლითა ცოდვითა განვარისხო ღმერთი, და მეოხ-იყავ ჩემთჳს ღმრთისა მიმართ, რათა განმამტკიცოს შიშსა მისსა, და ღირსად გამომაჩინე მისისა მეუფებისა, და მკვიდრად სახიერებისა მისისა, ამინ!

კონდაკი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა

ზესთამბძოლისა ჩემისათჳს და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან სამადლობელსა შევსწირავთ ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქვს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო.

ყოვლად დიდებულო და მარადის ქალწულო დედაო ქრისტეს ღმრთისაო, მიართვ ლოცვა ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი.

მოკითხვა მთავარანგელოსისა მიერ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა

ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

ლოცვით მოწოდება წმიდანისა, რომლის სახელიცა გვაქვს

ევედრე ღმერთსა ჩემთჳს (წმიდანის სახელი), რამეთუ გულმოდგინედ შენდამი მოვილტვი, ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისათჳს.

ტროპარი ჯვარისა და ლოცვა ერისა და მამულისათჳს

აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

ლოცვა ცოცხალთათჳს

მოიჴსენე უფალო, ღმერთო ჩვენო, წყალობითა და მოწყალებითა შენითა საუკუნითგან მყოფნი, რომელთათჳს განკაცნენ და ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ ცხოვრებისათჳს მართლმორწმუნეთა შენთასა, აღსდექ, ამაღლდი ზეცად და დასჯედ მარჯვენით ღმრთისა და მამისა, მოჰხედენ მოწყალებით მვედრებელთა ამათ შენთა, რომელნი ყოვლითა გულითა გხადიან შენ, მოყავ ყური შენი და ისმინე ჩემ მდაბლისა და უჴმარისა მონისა შენისა და ყოვლისა ერისა შენისა. პირველად მოიჴსენე, უფალო, შენი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელი პატიოსნითა სისხლითა შენითა მოიყიდენ და დაამტკიცენ, განაძლიერენ, აღამაღლენ, განამრავლენ, მშვიდობით დამყარებულ ჰყავ და წარმართა ზედა მოსვლისაგან განათავისუფლენ და უძღებისა ჯოჯოხეთისა ბჭეთაგან უკუნისამდე დაიცვენ. მწვალებელთა გესლოვანებაჲ განაქარვენ და მეტყველებაჲ მათი ცუდ-ყჰვენ ძალითა წმიდისა სულისა შენისათა და მოაქციენ იგინი. (მეტანია)

უფალო მოიჴსენე ერი ჩვენი და მოგვამდლე ღმრთისმოყვარე მთავრობაჲ და მხედრობაჲ. გარე-შეზღუდენ მპყრობელობანი მათი და მიეც მათ მშვიდობაჲ და დაწყნარებაჲ, რათა მყუდროებასა შინა მათსა დაწყნარებული ცხოვრებაჲ გვაქვნდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვსცხოვრობდეთ. (მეტანია)

აცხოვნე უფალო და შეიწყალენ, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაჲ ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლად-სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყჳერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე. (მეტანია)

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ სულიერი მამა, მოძღვარი, მასწავლელი ჩემი (სახელი), რომელი მარადის იღვიძებს და იღვწის სულისა ჩემისათჳს და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე. (მეტანია)

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მშობელნი ჩემნი (სახელები), ძმანი და ნათესავნი ჴორციელნი და ყოველნი მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი და მიანიჭე მათ მშვიდობაჲ შენი და აღავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა. (მეტანია)

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მოხუცებულნი და ყრმანი, ობოლნი და ქვრივნი და მდებარენი უძლურებასა და დახსნილობასა შინა, მწუხარენი, განსაცდელსა შინა მყოფნი, ტყვეობასა და საპყრობილესა შინა მყოფნი, დევნულნი სიმართლისათჳს მართლმადიდებლობასა შინა, უღმრთოთა და წარმართთაგან, მწვალებელთა და უარისმყოფელთაგან, მონანი შენნი მოიჴსენენ, განანათლენ, აღადგინენ, განათავისუფლენ, განამტკიცენ ძალითა შენითა შენდობა და ხსნა მოანიჭე მათ. (მეტანია)

აცხოვნე, უფალო და შეიწყალენ, მოძულენი და მაჭირვებელნი ჩემნი, და მოქმედნი ჩემზედა უსჯულოებისანი, და რომელი მმძლავრობენ და მყვედრიან მე და ნუ დასჯი მათ უსჯულოებათა მათთა გამო, არამედ მოაქციენ იგინი ბოროტისაგან, რომელი აქვთ ჩემდა მომართ და შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა. (მეტანია)

უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)

ლოცვა გარდაცვალებულთათჳს

მოიჴსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მშობელთა ჩემთა და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა (სახელები), და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა, და მიუტევენ მათ ყოველივე შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ჴსენება. (3-გზის და მეტანია)

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
დიდება... აწ და... უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო