იულიუსის კალენდრით:
10 ივნ. 2024 წ.

კვირა
გრიგოლის კალენდრით:
23 ივნ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ სულთმოფენობას, აჭარაში წამებულ მამათა და დედათა,



სარჩევი

ლოცვა, მუხლმოდრეკით სათქმელი წმიდა სამების მიმართ

ჵ, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო მიუწვდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი; რომელსა ძლიერებით გიპყრიან ყოველნი კიდენი სამყაროსანი და განაგებ სიბრძნითა; რომლისა წინაშე ძრწიან ყოველი არსი და ქმნული, სტიქიონი და სულდგმული, მყოფნი ცათა შინა, ქუეყანასა ზედა ქუესკნელისანი; რომლისა ძლიერებისა თანა სიყვარული არს გამოუთქმელი, უფსკრულ-სიღრმე და განუსაზღვრელი; რომელმან სიყვარულისა ამის ძლით შეჰქმენ პირველი კაცი ხატად და მსგავსად შენდა, ხოლო შეცოდებითა მისითა დაცემული არა სრულიად მოიძაგე იგი, ინებე რა კვალად ცხორება ჩვენი მხოლოდ შობილისა ძისა შენისა მოვლინებითა და შემწირველმან მისმან ცოდვათა ჩვენთა აღსაჴოცელად ჯუარსა ზედა გაკვრითა და საშინელითა სიკუდილითა მისითა; რომელმან სული შენი წმიდა გარდამოუვლინე წმიდათა მოწაფეთა და მოციქულთა ქრისტესთა და განაბრძვნენ იგინი და მათ მიერ სახარებაჲ ქრისტესი ყოველსა სოფელსა ექადაგა; რომელმან დიდითა კაცთმოყვარებითა შენითა პირველსა მას საუკუნესა მოიჴსენე ერიცა ჩვენი ქართუელთაჲ, დედისა ღმრთისა წილხვდომილად ჰყავ იგი და წმიდათა მიერ მოციქულთა ანდრია პირველწოდებულისა, სჳმონ კანანელისა და მატათასითა შრომითა და მოღვაწებითა მოიმუშაკე იგი; რომელმან კერპოვნებითისა სიბნელითა მიმრუდებულსა დედისა ღმრთისა წილხვდომილსა ერსა ჩვენსა კვალად მოუვლინე სულითა წმიდითა განბრძნობილი და აღჭურვილი წმიდა ქალწული, დედაჲ ნინო და განანათლე იგი სარწმუნოებითა ჭეშმარიტითა; რომელი მართლმსაჯულობითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ცოდვათა გამო ჩვენთა და შეგჳწყალებ სულგრძელებითა, შენ შეგივრდებით და გევედრებით სახიერო უფალო, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენახსა ამას, სამკვიდრებელსა ქართუელთასა და მკვიდრსა მას ზედა ერსა ჩვენსა, მრავალგზის კუეთებულსა და შეჭირვებულსა მძლავრებისაგან ბოროტისათა, და განამტკიცე იგი. დაიცევ, უფალო, წმიდა ეკლესიაჲ ჩვენი და ყოველნი შვილნი მისნი. მოიჴსენე, უფალო, უნეტარესი და უწმიდესი მამათმთავარი ჩვენი ილია, კათალიკოსი მცხეთისა და პატრიარქი ყოვლისა საქართუელოჲსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა; ყოვლადსამღვდელონი მღვდელმთავარნი და უფალი ჩვენი... (ვიხსენიებთ ადგილობრივ მღვდელმთავარს); პატიოსანნი მღვდელნი და დიაკონნი, ბერნი და მონოზონნი; დღითი-დღე განაბრძვნენ იგინი, უფალო, მადლითა სულისა წმიდისათა და ლოცვითა და მოღვაწებითა მათითა კეთილად წარუმართე სლუაჲ ერსა ჩვენსა გზასა ზედა ცხონებისასა.

სასოებად ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდა სამებაო წმიდაო, დიდება შენდა.

ჵ, უფალო ჩვენო იესუ ქრისტე, რომელმან გვასწავე მიღებად ყოველივესი, რაჲცა ვითხოვოთ მამისაგან შენისა ზეცათასა სახელითა შენითა. აჰა, უცთომელად მიმნდობელნი სიტყუათა შენთა, ვითხოვთ ღმრთისაგან ყოვლისა მპყრობელისა და მომნიჭებელისა ყოვლისა კეთილისა, რათა სწავლებისაებრ წმიდისა მოციქულისა სიტკბოებამან ღმრთისამან სინანულად მიგვიყვანოს ჩვენ, რომელნი სიფიცხლითა ამით ჩვენითა და შეუნანებელითა გულითა ვინუჯებთ თავისა ჩვენისა რისხვასა დღესა მას რისხჳსა და გამოჩინებისა მართლმსაჯულებისა ღმრთისასა. გვიჴსენ, უფალო, რწმენისაგან არაცხოველისა და ნელტფილისა, მოაქციენ გულნი ჩვენნი ამაოთაგან საქმეთა და სიყვარულისაგან შვებათა წუთიერისა და მსწრაფლწარმავალისა ამის სოფლისათა და აღგვიხილენ თვალნი ჩვენნი ხედვად წარუვალისა სოფლისა დიდებისათა და გონებანი ჩვენნი კეთილად განსჯად საქმეთა სულისა ჩვენისა სარგებელისათა; აღანთე ლამპარი გულსა შინა ჩვენსა შენდამი სიყვარულისა და მოგვაქციენ ყოვლისაგან გზისა უკეთურისა, რათა ჩვენ, ცოდვისაგან დაცემულნი მონანი და მჴევალნი შენნი, გარნა შენითა შეწევნითა აღმართულნი და მადლობელნი შენნი გიგალობდეთ შენ, გაკურთხევდეთ შენ, გადიდებდეთ შენ და გევედრებოდეთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩვენო, შეგჳწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა. ამინ!

იქმენ გამორჩეულ ღმრთისა მიერ წმიდისა სამებისა და ჰბრწყინავ წინაშე მისა, დედუფალო მარიამ, დედაო უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესო, და გაქვს კადნიერებაჲ ძისა მიმართ შენისა, მას ევედრე, რათა გუაცხოვნოს ჩვენ თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო