იულიუსის კალენდრით:
13 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
26 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

სადიდებელ-სავედრებელნი

1710 წლის სავედრებელი ჟამნიდან

არსების ხატის

არსების ხატო უცვალებელო, შეუძვრელო ბეჭედო, უვნებელო, ძეო სიბრძნეო და სიტყვაო, მკლავო მარჯვენეო და ძალო მაღლისაო, შენ თაყვანის-გცემთ მამისა და სულისა თანა.

ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ, რომელ უმაღლეს ხარ ქერუბიმთა და უდიდებულეს უზეშთაეს სერაფიმთა, რომელმან იტვირთე სიტყვა ღმრთისა ჴორცითა, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გალობით გადიდებთ.

ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისა

ჯვარსა წმიდასა პატიოსანსა, რომელსა აქებენ ანგელოსნი და ძალნი ზეცათანი, ჩვენცა მათთანა თაყვანის-ვცემთ და ვადიდებთ, და ვითხოვთ მისგან ხსნასა ყოველთა ვნებათაგან.

წმიდისა იოანე ნათლისმცემლისა

ყოველთა ნაშობთა უმეტესო, მდგომარენი ლოცვათა შინა მორწმუნეთა კრებულნი, ლმობიერად და ცრემლით შეგივრდებით, ნათლისმცემელო ქრისტესო, მფარველ გვეყავ მოსავთა შენთა.

წმიდა დიდი და ღმრთივ-აღმართებული სვეტი ცხოველისა და პატიოსნისა საუფლო კვართისა
(დღესასწაული - 1/14 ოქტომბერი)

სვეტო, ღმრთივ-აღმართებულო, თაყვანის-გცემთ კვართო საუფლოო და მირონო წმიდაო, ჯვარო ქრისტეს ღმრთისაო, რათა მოსცე ძლევა მეუფესა ჩვენსა, შენ მიერ ცხებით გვირგვინოსანსა.

წმიდათა მთავარანგელოსთა
(დღესასწაული - 8/21 ნოემბერი)

ზეცისა ძალთა ერის მთავარნო, საფარველითა ფრთეთა თქვენთათა შემზღუდენ, მვედრებელნი ესე თქვენნი, და განსვლასა ამის სულისა ჩვენისა მიჴსენით ბნელთა ჰაერის მცველთა ჴელისაგან.

წმიდა მოსე წინასწარმეტყველისა
(ხსენება - 4/17 სექტემბერი)

მართალო, მშჳდო და გონება-წრფელო, უღმრთოთა ძლიერად დამნთქმულო, ურწყულთა მომრწყველო და ღმრთისმხილველო, სჯულისა მომცემელო, წინაჲსწარმეტყველთა დასაბამო, მოსე, მეოხ-გვეყავ ჩვენ.

წმიდა ილია წინასწარმეტყველისა
(ხსენება - 20 ივლისი/2 აგვისტო)

წინაჲსწარმეტყველო დიდო და პატიოსანო, რომელმან ლოცვითა შენითა განაჴმენ ცუარნი წჳმისანი და დასცენ მტერნი წინა-აღმდგომნი, ილია, დიდად სახელოვანო, მეოხ-გვეყავ ჩვენ.

წმიდა ზაქარია წინასწარმეტყველისა
(ხსენება - 5/18 სექტემბერი)

მღვდლობისა სამკაულითა ბრწყინვალედ გარეშერტყმულმან, ჰსჯულისაებრ ყოვლად-დასაწველნი შეწყნარებულნი ღმრთისა მღვდელ-შვენიერად შესწირენ ზაქარია, და იქმენ მნათობ და მხილველ საიდუმლოთა, და მოსწავებათა მადლისათა შენ შორის მქონებელად გამოსჩნდი ყოვლად-ბრძენო, და მახვილითა მოიკალ ტაძარსა შინა ღმრთისასა, ქრისტეს წინასწარ-მეტყველო, წინა-მორბედისა თანა მეოხ-გვეყავ ცხოვრებად სულთა ჩვენთათჳს.

წმიდა იოანე ნათლისმცემელისა
(ხსენება - 7/20 იანვარი, 24 ივნისი/7 ივლისი და 29 აგვისტო/11 სექტემბერი)

ყოველთა ნაშობთა უმეტესო, მდგომარენი ლოცვათა შინა მორწმუნეთა კრებულნი, ლმობიერად და ცრემლით შეგივრდებით, ნათლისმცემელო ქრისტესო, მფარველ-გვეყავ მოსავთა შენთა.

წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი
(ხსენება - 29 ივნისი/12 ივლისი)

თავნი მოციქულთანი ვადიდნეთ, მნათობნი ყოვლისა სოფლისანი: პეტრე, კლდე სიმტკიცისა, პავლე, პირი ქრისტესი და მოძღვარი წარმართთა, რათა ოხითა მათითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა.

წმიდა მოციქულისა მათე მახარებელისა
(ხსენება - 16/29 ნოემბერი)

მწოდებელსა მას შენსა ქრისტესა მეუფესა გულს მოდგინედ შეუდეგ, დამტევებელი მეზვერეობისა, რომელი გამოუჩნდა კაცთა ქუეყანასა ზედა სახიერებისათჳს, და მოციქულად რჩეულად გამოსჩნდი, და ახარე სახარებაჲ სოფელსა ჴმა-მაღლად, ამისთჳს პატივს-ვჰსცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა, მათე ღმრთის-მეტყველო, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაჲ მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაჲ.

წმიდა მოციქულისა მარკოზ მახარებელისა
(ხსენება - 25 აპრილი/8 მაისი)

თხემისა მის მოციქულთასა პეტრეს მიერ სწავლული იქმენ შენ, და მიიღე მოციქულება ქრისტესი, და ვითარცა რა მზემან კიდენი სოფლისანი განანათლენ, და იქმენ ალექსანდრიელთა შვენიერება ნეტარო, და შენ მიერ ეგვიპტე იხსნა საცთურისაგან, და სახარებათა შენთა მოძღვრებითა მსგავსად ნათლისა განბრწყინდა, ამის-თჳს შენისა ჴსენებისა პატივის მცემელნი ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ დაძინებასა შენსა, მარკოზ ღმრთის მქადაგებელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაჲ მოანიჭოს სულთა ჩვენთა.

წმიდა მოციქულისა ლუკა მახარებელისა
(ხსენება - 18/31 ოქტომბერი)

მოციქულო წმიდაო მახარებელო ლუკა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაჲ.

წმიდა მოციქულისა იოანე მახარებელისა
(ხსენება - 8/21 მაისი და 26 სექტემბერი/9 ოქტომბერი)

ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯვარისა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თჳსად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თჳსი, ჵ, ღმრთისმეტყველო იოანე, მეოხ გვეყავ ჩვენ.

წმიდა ანდრია მოციქულისა
(ხსენება - 30 ნოემბერი/13 დეკემბერი)

ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგჳსვენა ხატი ყოვლადწმიდისა და მით მოგვაქცივნა წარმართნი თაყუანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

წმიდა მოციქულისა იაკობისა, უფლის ხორციელი ძმისა
(ხსენება - 23 ოქტომბერი/5 ნოებერი)

ვითარცა უფლისა მოწაფემან მიიღე, მართალო, სახარება, და ვითარცა მოწამესა გაქვს აღსარებაჲ, და კადნიერება, ვითარცა ძმასა ღმრთისასა, და მეოხება, ვითარცა მღვდელსა. ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.

წმიდა მოციქულთა სწორისა ქართველთა განმანათლებელისა ნინოსი
(ხსენება - 14/27 იანვარი და 19 მაისი/1 ივნისი)

უნათლისმცემლე ცხოვართა განბნეულთა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, შეჰკრიბე და მიჰგუარე ქართველნი ღმერთსა მართალსა, დედაო წმიდაო ნინო, ევედრე შვილთა შენთათჳს ქრისტესა ღმერთსა.

წმიდათა დიდთა მეფეთა და მოციქულთა სწორთა კონსტანტინესი და ელენესი
(ხსენება - 21 მაისი/3 ივნისი)

ჯუარისა შენისა სახე ცათა შინა იხილა და ვითარცა პავლე, წოდებაჲ არა კაცთაგან მიიღო, რომელი იგი მეფეთა შორის მოციქულად შენდა გამოჩნდა, უფალო, და სამეუფო ქალაქი ჴელთა შენთა შეგვედრა, რომელი აცხოვნებ მარადის მშჳდობით, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა შეგჳწყალენ ჩვენ.

წმიდა მოციქულთა სწორისა პირველმოწამისა თეკლესი
(ხსენება - 24 სექტემბერი/7 ოქტომბერი)

ჭურო რჩეულო, ჭურისა მისგან რჩეულისა სიწმიდით მდიდრად აღვსებულო, ქალწულთა გჳრგჳნო, პირველ მოწამეთა შორის დიდებულო, თეკლე, მეოხ-გვეყავნ ჩვენ ცოდვილთა.

წმიდა პირველმოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი
(ხსენება - 27 დეკემბერი/9 იანვარი, 15/28 სექტემბერი და 2/15 აგვისტო)

ბრწყინვალეო და დიდო სამკაულო მოწამეთაო, უძლეველო, საჩინოო მნათობო, ახოვან-მოთმინეო სტეფანე, სანატრელო, ქრისტეს მჴედარო, მეოხ-გუაყავნ ჩვენ ცოდვილთა.

წმიდა პირველმოწამისა რაჟდენისა, სოფელ წრომს წამებულისა
(ხსენება - 3/16 აგვისტო)

ხენეშისა სარწმუნოებისა დამტევებელმან, და ჭეშმარიტებისა გზათა მავალსა, ქრისტესთჳს მრავალთა ჭირთა მიმთვალველსა, მოწამეთა შორის საჩინოსა, საქართველოს მნათობსა, დიდსა მოწამესა რაჟდენს შევასხმიდეთ მორწმუნენო ძნობითა საღმრთოთა, რათა მეოხებითა მისითა ვიხსნნეთ განსაცდელთაგან.

წმიდა დიდმოწამე ეკატერინესი
(ხსენება - 24 ნოემბერი/7 დეკემბერი)

სათნოებითა, ვითარცა მზისა შარავანდედთა, განანათლენ ურწმუნონი ბრძენნი და ვითარცა ყოვლადბრყინვალემან მთოვარემან, ბნელსა შინა მავალთაგან ურწმუნოებისა ბნელი განსდევნე და დედუფალი მორწმუნე-ჰყავ და ზოგად ამხილე მძლავრსა, ღმრთივწოდებულო სძალო, ნეტარო ეკატერინე, და სიხარულით შეხვედი ზეცისა სასძლოსა, ყოვლადშუენიერსა სიძისა შენისა მიმართ, ქრისტესა, და მის მიერ სამეფოჲთა გჳრგჳნითა გჳრგჳნოსან იქმენ, და ანგელოზთა თანა მდგომარე ხარ, ევედრე მას ჩვენ ყოველთათჳს, რომელნი აღვასრულებთ ყოვლადპატიოსანსა საჴსენებელსა შენსა.

წმიდა დიდმოწამისა გიორგისა
(ხსენება - 23 აპრილი/6 მაისი და 10/23 ნოემბერი)

ნათელ-ჰყავ შვიდწილ სამყარო ახოვნად, ღვაწლნი რა თავს ისჴენ დიდო მოწამეთა მთავარო, მხნეო გიორგი, ამისთჳს გევედრებით, გვიჴსენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაშე ღმრთისა.

წმიდა დიდმოწამისა პანტელეიმონ მკურნალისა
(ხსენება - 27 ივლისი/9 აგვისტო)

ღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

წმიდა დიდმოწამისა დიმიტრი თესალონიკელისა
(ხსენება - 26 ოქტომბერი/8 ნოემბერი)

სამ-გზის სანატრელო, გჳრგჳნო მოწამეთაო, დიმიტრი ღმერთშემოსილო, მოგჳხსენენ წინაშე სამებისა ქებით მადიდებელნი შენნი და გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობაჲ.

წმიდა დიდმოწამისა ირინესი
(ხსენება - 5/18 მაისი)

ტარიგი შენი, იესუ, ირინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთჳს, რათა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათჳს, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩვენნი.

წმიდა დიდმოწამისა მარინესი
(ხსენება - 17/30 ივლისი)

ბრწყინვალედ განაშუენე ლამპარი შენი სისხლით-ზეთითა, ბრძენთა მათთანა ქალწულთა, სიძისა მომლოდნელთა, ქალწულთა შორის დიდებულო, მოწამეო მარინე, მეოხ-გვეყავნ ჩვენ.

წმიდა დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა
(ხსენება - დიდმარხვის პირველი შაბათი და 17 თებერვალი/1 მარტი)

იშვებს ტირონი და განსცხრების ღვაწლთა შენთა სიმრავლესა, მჴნეო თეოდორე, ღირსო, აღმოდის კურნებაჲ სასწაულთა შენთა, და ჩვენ, მგალობელთა შენთა გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობაჲ.

წმიდათა მოწამეთა დავით და კონსტანტინესი
(ხსენება - 2/15 ოქტომბერი)

მოწამეთა შენთა უფალო დავით და კონსტანტინე ღვაწლსა შინა თჳსსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩვენისა, რამეთუ აქვნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩვენნი.

წმიდა დიდმოწამისა საქართველოს მნათობისა ქეთევან დედოფლისა
(ხსენება - 13/26 სექტემბერი)

დიდებულებაჲ საწუთოჲსაჲ მოიძულე, დედუფალსა ცათა და ქუეყანისასა ეზიარე, დედუფალო ქეთევან, ჴორცი მოიწუენ სიძისა შენისა ქრისტესთჳს, მას ევედრე ჩვენ მონათა შენთა, ქართველთათჳს.

წმიდა დიდმოწამისა ბარბარესი
(ხსენება - 4/17 დეკემბერი)

ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩვენ ცოდვილთა.

წმიდა მღვდელმოწამისა კვიპრიანესი და იუსტინა ქალწულისა
(ხსენება - 2/15 ოქტომბერი)

საქმით მიემსგავსე მოციქულთა, და საყდართა მათსა ღირს იქმენ, საქმჱ მოიგე, ნეტარო, აღმყვანებელი ხედვად, ამისთჳსცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლად აღმოიტყოდი, და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდაო მღვდელ-მთავარო კჳპრიანე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.

წმიდა მოწამისა ევსტათი მცხეთელისა
(ხსენება - 29 ივლისი/11 აგვისტო)

ნათლითა ელვარითა შემკულო, მჴნეო მჴედარო ქრისტესო, მოწამეთა მთავარო, ევსტათი, ძით და მეუღლით შენით, მეოხ-გვეყავნ წინაშე ღმრთისა პატივის-მცემელთა შენთა.

წმიდისა მოწამისა შუშანიკ დედოფლისა
(ხსენება - 28 აგვისტო/10 სექტემბერი)

წამებისა გვირგვინითა შეიმკვე მეუღლისა შენისაგან, დედუფალო, წმიდაო შუშანიკ და წარმავალისა დედუფლობისა წილ მოიგე სუფევაჲ წარუვალი და აწ კადნიერად მდგეომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა, უკვდავისა ქრისტესა, მეოხ გვეყავ მაქებელთა შენთა, სანატრელო.

წმიდათა და საკვირველთმოქმედთა უვერცხლოთა მკურნალთა კოზმა და დამიანესი
(ხსენება - 1/14 ნოემბერი)

წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო, საკვირველთ მოქმედნო, კოზმა და დამიანე, მოიხილენით და განკურნენით უძლურებანი სულთა და ჴორცთა ჩვენთანი, უსასყიდლოდ მიგიღებიესთ, და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩვენ.

წმიდათა მოწამეთა ბიძინასი და ორთა ძმათა ერისთავთა - ელიზბარისა და შალვასი
(ხსენება - 18 სექტემბერი/1 ოქტომბერი)

ღვაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ-არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქვენითა და წმიდა სამარხო იგი, რომელთა შეიწყნარეს გვამნი თქუენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ და ქრისტე ღმერთი კადნიერად ქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩვენთა.

წმიდა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისა, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა
(ხსენება - 6/19 დეკემბერი)

მირონ ქალაქისა ბრწყინვალებაო, ლუკიისა შემამკობელო, გლახაკთა სიმდიდრეო, უბრალოთა სიკვდილისა დამხსნელო, დიდო მღვდელმოძღვარო ნიკოლოზ, მეოხ გვეყავ ჩვენ.

წმიდა ბასილი დიდისა, კესარია-კაბადუკიელ მთავარეპისკოპოსისა
(ხსენება - 1/14 იანვარი და 30 იანვარი/12 თებერვალი)

ყოველთა სენთა საკურნებელად, შეცოდებულთა სულთა გამომჴსნელად გამოჩნდი, ყოვლადსანატრელო ბასილი, საღმრთოჲსა მღდელობისა საუნჯეო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.

წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა
(ხსენება - 25 იანვარი/7 თებერვალი და 30 იანვარი/12 თებერვალი)

იშუებენ ერნი და განცხრების ეკელსიაჲ, და იხარებს წმიდა ბრძენთა კრებულნი, ღმრთისა სიტყჳსა საუნჯეო გრიგოლი, მეოხ-გვეყავნ პატივის-მცემელთა შენთა.

წმიდა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა
(ხსენება - 13/26 ნოემბერი და 30 იანვარი/12 თებერვალი)

ჴმა-ტკბილად მხმობარეო ორღანო, ოქროჲსა ნესტვო, მდინარე საღმრთოთა სწავლათაო, მვედრელთა შენთა გვითხოვე ცოდვათა მოტევებაჲ, იოანე ოქროპირო, მეოხ გვეყავ წინაშე სამებისა.

წმიდა ათანასე დიდისა, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსისა
(ხსენება - 2/15 მაისი)

სვეტ იქმენ მართლმადიდებლობისა საღმრთოთა დოგმატთა მიერ დამამტკიცებელ ეკლესიისა, მღდელმთავარო ათანასე, რამეთუ თანაარსად მამისა, ქადაგებითა ძისათა, სირცხვილეულ-ჰყავ არიოზი, ღირსო მამაო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.

წმიდა კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებელისა
(ხსენება - 26 იანვარი/8 თებერვალი)

საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყჳს მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათჳს შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაჴსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

წმიდა კეთილმსახურისა მეფისა ვახტანგ გორგასალისა
(ხსენება - 30 ნოემბერი/13 დეკემბერი)

ძლევანი ყოვლადდიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა წარმართენ, საწუთოჲ სამეფოჲ სიბრძნით განაგე და ეკლესიაჲ ქართლისაჲ ღვაწლითა შენითა განაშუენე და აწ იხარებ წინაშე უკუდავისა მეუფისა, წმიდაო დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, მეოხ-გვეყავნ ჩვენ ცოდვილთა.

ღირსი ბესარიონ ეგვიპტელისა, საკვირველთმოქმედისა
(ხსენება - 6/19 ივნისი)

ღმერთო მამათა ჩვენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩვენ ზედა კეთილსა სახიერებისა შენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩვენგან, არამედ მისითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩვენნი.

ღირსი მარიამ მეგვიპტელისა
(ხსენება - დიდმარხვის მე-5 კვირა და 1/14 აპრილი)

შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ჴორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისა-თჳსცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო მარიამ.

ღირსი საბა განწმენდილისა
(ხსენება - 5/18 დეკემბერი)

მთიებო ყოვლადბრწყინვალეო, მადიდებელთა შენთა მფარველო და შესავედრებელო მოსავთა და მგალობელთა შენთაო, ნეტარო საბა, დაგჳფარენ განსაცდელთაგან.

ღირსი დავით გარეჯელისა
(ხსენება - ამაღლების შემდეგი ხუთშაბათი)

საზრდელითა პირუტყველითა იზრდებოდი სიბრძნითა და ცხოვრებითა ანგელოზებრ სცხოვრებდი, სანატრელო გარეჯელო დავით, დასცნენ მტერნი ჩვენნი, ვითარცა ვეშაპნი იგი.

ღირსი აბბა იოსებ ალავერდელისა
(ხსენება - 15/28 სექტემბერი)

იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაჲ, მზრუნველი და მეოხი და შეიცვენ ლარნაკთა შენთა და შენ მიერ მოიღებენ ღმრთისაგან მდიდრად წყალობასა, ღირსო იოსებ.

ღირსი შიო მღვიმელისა
(ხსენება - ყველიერის ხუთშაბათი და 9/22 მაისი)

მღჳმე ფრთედ, მიწა მკუეთ ეთერისა ჰქმენ, მთხრებლ კიბედ კამარათა ცისათა, ზესთა ზენაჲსა მყის ამაღლდი სუფევად, მამაო შიო ასურო, სურის ქართველთა შენდა და მოივლტიან სამარხოდ შენდა, მეოხ-გვეყავნ ჩვენ.

ღირსი გიორგი მთაწმინდელისა
(ხსენება - 27 ივნისი/10 ივლისი)

ფშვის ქუეყანაჲ ქართლისაჲ, სუნნელებითა გადმოთარგმანებითა წერილთა შენთათა, და უმეცრებისა გვალვითა განჴმელი ერი ქართველთა, სწავლათა შენთა წჳმისა სიჴშოთა მწყურნები შენდავე მოვივლტით, ითხოვე ღმრთისაგან მშჳდობაჲ ერისა ჩვენისა და ჴსნაჲ მისი უღლისაგან მტერთაჲსა.

ყოველთა წმიდათა
(დღესასწაული - სულთმოფენობის შემდეგი კვირა)

მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, მღვდელთმოძღვარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, მამათმთავარნო და ქალწულნო, და ყოველნო წმიდანო ღმრთისანო, მეოხ გვეყვენით წინაშე ღმრთისა.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო