იულიუსის კალენდრით:
15 მარ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
28 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია


სახარებაჲ მათეს თავისაჲ

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

თავი 12

მათეს სახარება
  1. მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია და იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად.
  2. ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: აჰა მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ.
  3. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ?
  4. ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო?
  5. ანუ არა აღმოგიკითხავსა შჯულსა, რამეთუ შაბათთა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო იყვნიან?
  6. ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ტაძრისა უფროჲს არს აქა.
  7. უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი.
  8. უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.
  9. და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა შესაკრებელსა მათსა.
  10. და იყო მუნ კაცი ერთი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კურნებაჲ რაჲთამცა შეასმინეს იგი.
  11. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი და შთავარდეს იგი დღესა შაბათსა ჯურღმულსა, არა-მე უპყრასა და აღმოიქუას იგი?
  12. რაოდენ უმჯობეს არს კაცი ცხოვრისა? ამისთჳს ჯერ-არს შაბათსა შინა კეთლისა საქმე.
  13. მაშინ ჰრქუა იესუ კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა ჴელი, და კუალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი.
  14. ხოლო ფარისეველნი იგი გამოვიდეს და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და განეშორა მიერ და წარვიდა.
  15. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგი ყოველნი.
  16. და ამცნო მათ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.
  17. რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს:
  18. აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა. დავდვა სული ჩემი მის ზედა, და სამართალი წარმართთა მიუთხრას.
  19. არა ჰჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ჴმაჲ მისი.
  20. ლერწამი შემუსრვილი არა განტეხოს და პატრუკი მბნდჳნვარე არა დაშრიტოს, ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი.
  21. და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ.
  22. მაშინ მოჰგუარეს მას ეშმაკეული ბრმაჲ და ყრუჲ, და განკურნა იგი, ვითარმედ ყრუჲ და ბრმაჲ ხედვიდა და იტყოდა.
  23. და განუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: ნუუკუე ესე არს ძე დავითისი?
  24. ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს: ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა.
  25. იცოდნა იესუ ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ დაემტკიცოს.
  26. და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკსა განჰჴდის, თავსა თჳსსა განევლთა; ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი?
  27. და უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისთჳს იგინივე მსაჯულ თქუენდა იყვნენ.
  28. უკუეთუ მე სულითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.
  29. ანუ ვითარ ვის ჴელ-ეწიფების სახლსა ძლიერისასა შესლვად და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი და მაშინღა სახლი მისი იავარ-ყოს.
  30. რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს.
  31. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა.
  32. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას.
  33. ანუ ყავთ ხე იგი კეთილ და ნაყოფიცა მისი კეთილ; ანუ ყავთ ხე იგი ხენეშ და ნაყოფიცა მისი ხენეშ; რამეთუ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს.
  34. ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ჴელ-გეწიფების კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ.
  35. კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი.
  36. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა.
  37. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.
  38. მაშინ მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართაგან და ფარისეველთა და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვად.
  39. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ.
  40. რამეთუ ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე.
  41. კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა.
  42. დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავსა ამას თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად ამის თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისსა არს აქა.
  43. ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის.
  44. მაშინ თქჳს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ; და მი-რაჲ-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული.
  45. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდრის მუნ. და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა. ესრეთ ეყოს ნათესავსა ამასცა უკეთურსა.
  46. და იყო ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად.
  47. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა.
  48. ხოლო იესუ მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?
  49. და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ თჳსთა და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი!
  50. რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი.

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო