იულიუსის კალენდრით:
27 სექ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
10 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია


სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

თავი 19

ლუკას სახარება
  1. და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ.
  2. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად.
  3. და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე.
  4. და წარბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო.
  5. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ.
  6. და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით.
  7. და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად.
  8. აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი.
  9. ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს.
  10. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.
  11. და ვითარცა ესმოდა ესე ერსა მას, შესძინა და თქუა იგავი ამისთჳს, რამეთუ მოახლებულ იყო იგი იერუსალჱმსა, და ჰგონებდეს იგინი, ვითარმედ მეყსეულად გამოჩნდეს სასუფეველი ღმრთისაჲ.
  12. და ჰრქუა მათ: კაცი ვინმე აზნაური წარვიდა შორსა სოფელსა მოღებად თავისა თჳსისა მეუფებისა და მოქცევად.
  13. და მოუწოდა ათთა მონათა თჳსთა და მისცა მათ ათი მნაჲ და ჰრქუა მათ: ვაჭრობდით ამას, ვიდრემდე მოვიდე.
  14. ხოლო მოქალაქეთა მისთა სძულდა იგი და მიავლინნეს მოციქულნი შემდგომად მისა და ჰრქუეს მას: არა გუნებავს მაგისი მეუფებაჲ ჩუენ ზედა.
  15. და იყო მოქცევასა მას მისსა, მო-რაჲ-აქუნდა მეუფებაჲ თჳსი, და ბრძანა მოწოდებაჲ მათ მონათაჲ, რომელთადა მიეცა ვეცხლი იგი, რაჲთა უწყოდის, რაჲ-იგი ივაჭრეს.
  16. და მოვიდა პირველი იგი და ჰრქუა: უფალო, შენმან ვეცხლმან ათი სხუაჲ შესძინა სასწორი.
  17. ჰრქუა მას: კეთილ, სახიერო მონაო, რამეთუ მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, იყავ შენ ჴელმწიფე ათთა ზედა ქალაქთა.
  18. და მოვიდა მეორე იგი და ჰრქუა: უფალო, ვეცხლმან შენმან სხუაჲღა ხუთი სასწორი ყო.
  19. ჰრქუა მასცა: და შენცა იყავ ხუთთა ზედა ქალაქთა.
  20. და მესამე იგი მოვიდა და ჰრქუა: უფალო, აჰა ვეცხლი შენი, რომელი მაქუნდა დაკრძალული სუდარსა,
  21. რამეთუ შემეშინა, ვითარმედ კაცი ხარ სასტიკი: მოიღი, სადა არა დასდვი, და მოიმკი, სადა არა დასთესი.
  22. და ჰრქუა მას: პირისა შენისაგან გსაჯო შენ, მონაო ბოროტო; იცოდე, რამეთუ მე კაცი ვარ სასტიკი: მოვიღი, სადა არა დავდვი, და მოვიმკი, სადა არა დავსთესი.
  23. და რაჲსათჳს არა დასდევ ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, მო-მცა-ვედ მე და ვახშითურთ ვქმენ იგი.
  24. და ჰრქუა წინაშე მდგომელთა მათ: მოუღეთ ვეცხლი იგი და მიეცით, რომელს-იგი აქუს ათი სასწორი ვეცხლი.
  25. და მათ ჰრქუეს მას: უფალო, აქუს ათი სასწორი.
  26. გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ყოველსა რომელსა აქუნდეს, მიეცეს; ხოლო რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან.
  27. ხოლო მტერნი იგი ჩემნი, რომელთა-იგი არა უნდა მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა, მომგუარენით მე აქა და მოწყჳდენით წინაშე ჩემსა.
  28. და ვითარცა ესე წართქუა, ვიდოდა წინაშე მათსა და აღვიდოდა იერუსალჱმდ.
  29. და იყო, ვითარცა მიეახლა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი.
  30. და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე დაბასა მაგას, რომელსა შეხჳდეთ და ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღავინ დაჯდომილ არს; აღჰჴსენით და მომგუარეთ მე.
  31. და უკუეთუ ვინმე გკითხვიდეს: რაჲსათჳს აღჰჴსნით? ესრეთ არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე.
  32. და ვითარცა წარვიდეს, რომელნი-იგი მიავლინნა, პოვეს ეგრეთ, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ.
  33. და აღ-რაჲ-ჰჴსნიდეს იგინი კიცუსა მას, ჰრქუეს მათ უფალთა მათ მისთა: რაჲსათჳს აღჰჴსნით კიცუსა მაგას?
  34. ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე.
  35. და მოჰგუარეს იგი იესუს და დაასხეს სამოსელი კიცუსა მას, და დაჯდა იესუ მას ზედა.
  36. და ვითარ შევიდოდა იგი, დაუფენდეს სამოსელსა მათსა გზასა ზედა.
  37. და ვითარცა მიიწია იგი შთასავალსა მას მთისა ზეთისხილთაჲსა, იწყო ყოველმან სიმრავლემან მოწაფეთამან სიხარულით ქებად ღმრთისა ჴმითა დიდითა ყოველთა მათთჳს, რომელნი იხილნეს ძალნი,
  38. და იტყოდეს: კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა! მშვდობაჲ ცათა ზედა და დიდებაჲ მაღალთა შინა!
  39. და ფარისეველნი ვინმე ერისა მისგანნი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: მოძღუარ, შეჰრისხენ მოწაფეთა შენთა!
  40. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გეტყჳ თქუენ: დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე.
  41. და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და ტიროდა მას ზედა
  42. და იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშჳდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა.
  43. რამეთუ მოვლენან დღენი შენ ზედა, და მოგადგან შენ მტერთა შენთა ლაშქარი და გარე-მოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოვლით კერძო.
  44. და დაგარღჳონ შენ, და შვილნი შენნი შენ შორის დაეცნენ, და არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა შენ შორის ამისთჳს, რამეთუ არა გულისჴმა-ჰყავ ჟამი მოხედვისა შენისაჲ.
  45. და ვითარცა შევიდა ტაძარსა მას, იწყო გამოსხმად მსყიდელთა მათ და მომსყიდელთა
  46. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლი ჩემი სახლ სალოცველ არს, ხოლო თქუენ ჰყავთ იგი ქუაბ ავაზაკთა.
  47. და იყო მუნ და ასწავებდა დღითი-დღედ ტაძარსა მას შინა. ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მთავარნი ერისანი ეძიებდეს მას წარწყმედად.
  48. და ვერარას ჰპოებდეს, რაჲ უყონ მას, რამეთუ ყოველი ერი დამორჩილებულ იყო სმენად მისგან.

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო