იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


გამოცხადებაჲ წმიდისა მახარებელისა
და ღმრთისმეტყველისა იოანესი

თარგმანი წმ. ექვთიმე მთაწმინდელისაჲ

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

თავი 6

გამოცხადებაჲ იოანესი
  1. და ვიხილე, რამეთუ აღაღო კრავმან მან ერთი შჳდთა მათ ბეჭედთაგანი, და მესმა ერთისა ცხოველთა მათგანისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარცა ჴმითა ქუხილისაჲთა, ვითარმედ: მოვედ და იხილე.
  2. და აჰა ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა მშჳლდი, და მიეცა მას გჳრგჳნი, და განვიდა ძლევითა, და სძლოსცა.
  3. და რაჟამს აღაღო მეორე ბეჭედი, მესმა მეორისა მის ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარმედ: მოვედ!
  4. და გამოვიდა სხუაჲ ცხენი წითელი, და მჯდომარესა მას ზედა მიეცა აღებად მშჳდობაჲ ქუეყანით, რაჲთა ერთმანერთი მოსწყჳდონ, და მიეცა მას მახჳლი დიდი.
  5. და რაჟამს აღაღო მესამე ბეჭედი, მესმა მესამისა მის ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე! და აჰა ცხენი შავი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა ჴელთა მისთა უღელი.
  6. და მესმა ჴმაჲ შორის ოთხთა მათ ცხოველთაჲსა, რომელი იტყოდა: სამადგანი იფქლი - დრაჰკნის, და სამი სამადგანი ქერი - დრაჰკნის, და ღჳნოსა და ზეთსა ნუ ავნებ.
  7. და რაჟამს აღაღო მეოთხე ბეჭედი, მესმა მეოთხისა ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე,
  8. და აჰა ცხენი მწუანე, და მჯდომარესა მას ზედა სახელი მისი სიკუდილი; და ჯოჯოხეთი შეუდგა მას, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ მეოთხედსა ზედა ქუეყანისასა მოსრვად მათდა მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა და მჴეცთა მიერ ქუეყანისათა.
  9. და რაჟამს აღაღო მეხუთე ბეჭედი, ვიხილენ საკურთხეველსა ქუეშე სულნი იგი მკუდართანი სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს კრავისა მის, რომელ აქუნდა.
  10. და ჴმა-ყვეს ჴმითა დიდითა და თქუეს: ვიდრემდის, მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო, არა სჯი სისხლსა ჩუენსა მკჳდრთაგან ქუეყანისათა?
  11. და მიეცა მათ სამოსლები სპეტაკები და ითქუა მათდა მიმართ, რაჲთა განისუენონ მცირედ ჟამღა, ვიდრემდის აღესრულნენ მათ თანა მონანი და ძმანი მათნი და რომელთა ეგულებოდა სიკუდილი, ვითარცა მათ.
  12. და ვიხილე, რაჟამს აღაღო მეექუსე ბეჭედი, და ძრვაჲ იქმნა დიდი, და მზე შავ იქმნა, ვითარცა ძაძაჲ ბალნისაჲ, და მთოვარე ყოვლითურთ იქმნა, ვითარცა სისხლი.
  13. და ვარსკულავნი ცისანი გარდამოცჳვეს ქუეყანად, ვითარცა ლეღუმან რაჲ დაყარის ყუავილი თჳსი, ქარისაგან დიდისა შერყეულმან.
  14. და ცაჲ წარიგრაგნა, ვითარცა წიგნი წარგრაგნილი. და ყოველნი მთანი და ბორცუნი ადგილთა თჳსთაგან შეიძრნეს.
  15. და მეფეთა ქუეყანისათა და მთავართა და ათასისთავთა და მდიდართა და ძლიერთა და ყოველმან მონამან და აზნაურმან დამალნეს თავნი მათნი ქუაბთა შინა და კლდეთა შინა მთათასა.
  16. და ეტყოდეს მთათა და კლდეთა: დამეცენით ჩუენ ზედა და დაგუფარენით ჩუენ პირისაგან საყდართა ზედა მჯდომარისა და რისხვისაგან კრავისა.
  17. რამეთუ მოვიდა დღე იგი დიდი რისხვისა მისისაჲ და ვინ შემძლებელ არს დადგომად?

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო